Friday, December 25, 2015

* * *



ვინც იშვა ბოლოს,ბოლო თვის,ბოლო მოუღო მოლოდინს,
ვინც გააბრწყინა ბოლომდის სული მწყემსთა და მოგვთა;
ვინც გაიწირა ბოროტის, ბაგეთი საამბოროთი,
თუ გადამარჩენს, მხოლოდ ის,ვინც ჩემთვის უკვე მოკვდა.
ხოლო ვინც ჩემთვის არ მოკვდა,ჩემზე ჭკვიანი გამოდგა;
სუფრაზე შხამი ჩამოდგა,ნაცვლად წყლისა და ღვინის
და,მოხდა იგი,რაც მოხდა,საწუთრო უფრო დამოკლდა,
ის კი მაღლიდან გადმოდგა;მართლაც,სად მე და,სად - ის?
ის ხე,დარდი რომ ასხია,გეთსიმანიის ბაღშია,
მაინც რაღაცით მსგავსია ბედი უფლის და მგოსნის.
რას ჩავეჭიდო,რაც კია,ირგვლივ ქარი და ხავსია,
ღაწვზე ჭრილობა გამხსნია,ალბათ,იუდა მკოცნის.
უფალო,შენს ნაფეხურებს,როგორც აფრენილ ბეღურებს,
გაჩენის დღიდან შევყურებ,მაინც ბრმა ვარ და ყრუ ვარ.
ჩემი კაეშნით შეძრულებს,ველოდი ციურ მეგზურებს,
ბოლოს თვით გამოვეშურე...მოვდევ ცაშარას უვალს.
ვინც ქვეყანაზე მინახავს,სუყველამ გული მილახვრა,
შენ კი შორს - უკვე შინა ხარ;იქა ხარ,სადაც ჯერ არს.
ზუსტად ვერ ვიტყვი ვინა ხარ(ერთად არ ვმსხდარვართ ინახად);
მაინც შენ შემომინახავ,თუ მჯერა,- შენი მჯერა!
ხოლო ის,ვისიც არ მჯერა,ვინც დაიბადა დამჭერად,
ვერ მომიხელთებს ამჯერად,როგორც სულსა და ღრუბელს.
მათი სამოთხის მაცქერალს,ცის რისხვა მიჯობს სასჯელად,
მაღალო ღმერთო,გვსაჯე რა,სად შენი ნება სუფევს.
ვინც იშვა ბოლოს,ბოლო თვის,ბოლო მოუღო მოლოდინს,
ვინც გააბრწყინა ბოლომდის სული მწყემსთა და მოგვთა;
ვინც გაიწირა ბოროტის, ბაგეთი საამბოროთი,
თუ გადამარჩენს, მხოლოდ ის,ვინც ჩემთვის უკვე მოკვდა.

ვახტანგ ღლონტი

No comments: