Friday, December 18, 2015

* * *

მახვშის ნაფიქრივით უშგულს დაათოვა,
თითქოს დუმილია მისებრ დანანებით,
რარიგ შეჰფერიან თორნი გუმბათოვანს
თოთოქორფიანი ნისლის გალავნები.
მთებმა აისობა ვეღარ გაიმეტეს,
დინჯად ინახავენ სიზმარეულ გუმანს
ზვავნი ტალღებივით ბარში ჩამობერტყეს,
ჭექა-ნამეხარნი ახლა ისევ სდუმან.
მკერდი, მობიბინე ბუხარს მივახურე,
ლექსებს უხეიროს რაღა მაღრიალებს?
ბეჩა, რა ხანია ვეღარ მინახულე
ბეჩა, რა ხანია მთებში დაყიალებ.
აქა, უღრანებში ტბები აივსო და
სოფლად მებადურნი თხზავენ ათას ამბავს,
მე კი ნამთვრალევი ყოველ აისობას
ხანაც თათმანს ვკემსავ, ხანაც ფარაგს ვლამბავ.
დაღმა დავყვებოდი დორიასად ბორანს,
მაფრაშებით ვყიდდი სათოქალთო თექას,
ახლა თქეშით თავლაც ისე დაიტბორა
თავი გავანებე, აგერ ნაცარს ვქექავ.
ვეღარ მოვერიე დაობებულ ყავარს
ხოდა, თიბათვემდე გადავხურავ ისლით
ბეჩა ცოლსაც თითქოს ტყვეობაში ვყავარ,
თუმცა, ჩემისთანა ბედითია ისიც.
აჰა, რაღა გითხრა მეტის დანანებით..
ბარიდანაც მოჩანს ეგ ოხერი თოვა
რარიგ შეჰფერიან ნისლის გალავნები
თოთოქორფიანი თორნი გუმბათოვანს.
გონი ნაბადაგევს თავში მირახუნებს
დილით ვერ ვიხსენებ ღამის ნაღრიალებს,
ბეჩა, რა ხანია ვეღარ მინახულე
ბეჩა, რა ხანია მთებში დაყიალებ.
 
 
თემურ ელიავა

No comments: