Friday, January 8, 2016

ბებო



ჩემს ბებოს არ ჰქონდა მაქმანიანი პერანგი, არც ჭრელი, პეპლებიანი სარაფანი, არც განჯინა, სადაც ულამაზესი სკივრი იდო, რომელშიც წერილებს ინახავდა.
უბრალო ქვედატანი ეცვა და ცისფერი მაისური.
ულამაზესი თვალები კი მწვანედ უბრწყინავდა.
მან ოთხი ენა იცოდა-ქართული, რუსული, სომხური და ქურთების, მეეზოვეების ენა.
იმ ხალხის ენა, რომელსაც ყოველ დილით ესაუბრებოდა.
იმ ხალხის ენა, რომელიც ძალიან უყვარდა.
მას ერთი დიდი ოთახი ჰქონდა .
ეს ოთახი მე ძალიან მიყვარდა.
აქ უბრალო ავეჯის სუნი იდგა.
მასთან რომ მივქროდი, დერეფნიდან მისი ყვავილების სუნი მეგებებოდა.
ეს ქოთნის ყვავილებიც არ იყო ჰოლანდიიდან.
მას ჩემი ბებო ახარებდა და ეს ყვავილები ყველა სხვა ბებოსაც უყვარდა...
მაშინ, მგონი მე არ მიყვარდა ამ უბრალო ყვავილების სუნი....
ახლა მეც ბებო ვარ და მიყვარს ეს სუნი და ამ ყვავილებს, რომ დავინახავ გულში ნემსები მერჭობა.
იქ კიდევ კამის სუნი იდგა და ფილთაქვა ყოველთვის სავსე იყო ნიგვზიანი სუნელით.
ორი რკინის ლოგინი იდგა ,ოღონდაც ერთად კი არა ,ცალკე.
ჰო, ახლა ვფიქრობ ? ნეტა ჩვენც ასე დავდგამთ ლოგინებს მალე?
ლოგინებს ძვირფასს და არა რკინისას!
ასე დავდგამთ ლოგინებს მალე?ცალკე?
კიდევ ვფიქრობ ,რატომ არ ვნაყავ ფილთქავაში ნიგვზიან სუნელს და არ ველოდები ჩემს ბავშვობას.
ალბათ მეშინია...
მაგრამ მაინც ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ უბრალო ყვავილების სუნმა ჰოლანდიური ორქიდეებისა და ძვირფასი ფრანგული სუნამოების სურნელი ჩაახშოს.
მე არ მინდა სხვის სახლში ყოფნა და არც არასოდეს მინდოდა.
მე ჩემი ბებოს ოთახი მინდა.
ჩემი სახლის სურნელი მინდა ისეთი იყოს, როგორც ბებოს ჰქონდა.
ისეთი, რომელიც მხოლოდ ჩემია.
არა, ჩემს ბებოს არ ჰქონდა მაქმანიანი პერანგი, არც ჭრელი, პეპლებიანი სარაფანი, არც განჯინა, სადაც ულამაზესი სკივრი იდო, რომელშიც წერილებს ინახავდა და ამ წერილებს წარსულის სუნი ასდიოდა.
არა, ჩემს ბებოს მხოლოდ სიყვარულის სუნი ასდიოდა!!!!


ინგა გოგიბერიძე

No comments: