როცა თვალებიდან მძიმე ქვები მცვივა,
გული გეკაწრება, გტკივა უძილობა,
სველმა ღამეებმა ისევ შემაციეს...
შენ ხომ მაინც იცი, როგორ ვუძლურდები.
თანაც აუტანლად ყოფა მიძნელდება,
გარეთ ამინდია თითქოს სარვამარტო,
ლექსი დამიკრიფე სულის ენძელებად,
იქნებ დაბადება შენით გავამართლო.
მე ხომ თავის გარდა ყველამ მიღალატა,
ისიც უნებართვოდ მალე მიღალატებს,
ისე მდიდარი ვარ ჩემი სიღატაკით,
მიწაც ჩემია და ზეცა - მოღრუბლულიც.
შენ ხომ მაინც გახსოვს, ლურჯი ხელებიდან
სისხლი - შეწყვეტილი მრავალჟამიერი...
როცა მოცახცახე თითებს ეხებიან,
შენი ცრემლიანი ანჟამბემანები.
მაშინ ვიბადები ისევ (ხელმეორედ),
მაშინ, როგორ გითხრა, ყოფაც მიხარია,
ახლა ასეთი ვარ, სუნთქვადახეული...
წვანან ღამეები სიზმრის სახურავზე.
დილა მერყევია...
მია დადიანი
No comments:
Post a Comment