ჩვენ დავიბადეთ გოგოებად. ეს არც გვინდოდა, არც არ გვინდოდა, არც რამ ვიცოდით.
ჩვენ გვქონდა მხოლოდ გათხოვების უპირობობა და ხელისგულის ხაზებიდან საფუარივით ამოსული ერთი ცხოვრება, გაცემული, როგორც ავანსი, -
გასხვისების ხელშეკრულებით.
ჩვენ გვქონდა ეზო და თამაში „რეზინობანა“ და ხშირად, როცა მუხლებიდან სისხლი გვდიოდა,
გვეუბნებოდნენ, რომ ეს გოგოს არ ეკადრება,
რომ გოგომ უნდა პირდაპირ და სწორად იაროს
რომ სახლში დროზე ცოტა ადრე უნდა მოვიდეს
და რომ გოგოებს ეკრძალებათ
ღამის ქალაქი
თავისი ბნელი და საშიში მოსახვევებით.
ჩვენზე ზრუნავდნენ ძმები, მათი მეგობრები, ან სულაც გარე ბიძაშვილები.
ყველას, ვისაც არ ეზარებოდა, ჰქონდა უფლება ჩვენს საცვლებში ურცხვად ჩახედვის.
არ გვქონდა ბინა,
რადგან ბინა ბიჭის ხვედრია და ერთი ღამის სიყვარულით გასხვისებულებს
წლებიდან წლებში გადაგვქონდა მათი სარეცხი:
ქმრების, შვილების, მამების, გარე ბიძაშვილების.
იქნება მაშინ, როცა აშიშხინდნენ ტაფები და აზუზუნდნენ ქარები
და წყალმეტი გოგრასავით ჩაიხარშა მათში საყოფაცხოვრებო ყოველდღიურობა
იქნება მაშინ, როცა ატირდნენ საწოვარები და ძირგამოცლილი სასადილო მაგიდები
და საწოლის ქვეშ შევარდნილი ლანჩგამოვარდნილი ბავშვის ფეხსაცმელები სკოლისკენ გაიქცნენ
და როცა თოვლმა გადაწვიტა არსმოსვლა და სიყვარული გახდა ისეთი ამაზრზენად ცხადი
რომ დედებმა საშვილოსნოები გამოიღეს და თავიანთი კაცების ასოები კრიალოსანზე ჩამომარცვლეს,
კლიტომოჭრილმა გოგოებმა კი შვილები სხვის ცხოვრებას გაუჩინეს,
რომ ბავშვობისას ნატკენი მუხლებით საკუთარი საწოლი ოთახების გაუნიავებელ მტვერზე დამდგარიყვნენ და ეთქვათ:
იქნება ვამბობ: ეს ცხრათვისხელა მოლოდინი. და უცებ კაბა.
რუშიანი ან სულაც სადა ბაფთა თმაზე - წითელი ჟოლო.
იქნება ვამბობ: რა ძნელია, რომ წვიმა მთელი ღამით შეკავდა
ცაში და ბოლოს ინება და სახურავის კიდიდან ჟონავს.
იქნება ვიცი: მოლოდინით დაღლილი და თავდახრით მჯდომი
ეს დარცხვენილი დედაჩემი გულის მხარეს, ხალათში მმალავს
და სიძველისგან გადაცრეცილ, სულ უბრალო თუნუქის ჯამში
ჩასხმული ჩემი წილი ფაფა ვალია თითქოს, რომელსაც ღამე-
-ნათევი და უძეო ქალი, საკუთარ ოჯახს სხივნაკლული თვალებით უხდის
და მერე როცა დაიძრება სახლისკენ ქმარი
და მერე როცა დააკლდება მარილი სადილს
და მერე როცა ვიწრომენჯა სხეულის გამო
დაწირპლულ თვალებს სხვა ქალების ცხოვრებას უცვლის
იქნება ვამბობ: ეს წელმოხრილი დედაჩემი და გარეთ ღამე.
იქნება ვიცი: ეს თვალდათხრილი მამაჩემი და ღამით ქარი.
უკვე გაცნობეთ:
ჩვენ დავიბადეთ გოგოებად. ეს არც გვინდოდა, არც არ გვინდოდა, არც რამ ვიცოდით.
ჩვენ გვჭირს მდედრების უპირობო თავისუფლება და ეს ცხოვრება გაცემული, თითქოს ავანსად: ქმრებისთვის, ძმისთვის, მამისთვის, გარე ბიძაშვილისთვის
ხელშეკრულების პირობებით არ იზომება.
ჩვენ შეგვიძლია გავიაროთ ფეხის არევით,
ქუდით, კაშნეთი, ლანჩიანი ფეხსაცმელებით.
ჩვენ შეგვიძლია საყვარელი ღამის ქალაქი
მოვსინჯოთ ბნელი და საშიში მოსახვევებით.
ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ის, ვინც ვართ, ან არა
ანდა უბრალოდ არავისგან გვინდოდეს საზრდო.
იქნება ვამბობ: სამომავლოდ ამ გულს გაბარებ.
იქნება მინდა: სამომავლოდ გულში გამზარდო.
და იქნებ მაშინ, როცა სამოყვარულო კამერით გადაღებულ სიყვარულს თოვლი დაფარავს
და ჩვენი ბაფთებჩაწნული ნაწნავებიდან რიგ-რიგობით გამოძვრებიან ტანდამძიმებული საშინაო დავალებები,
რომლებიც ჩვენ ვერ, ან არ შევასრულეთ
და ჩვენი დედების გაწყალებული საშვილოსნოებიდან გამოვძვრებით ჩვენ:
თოჯინის კაბებში გამოწყობილი „ჟოლოები“,
რომელიც ისეთი ტკბილი ჩასაკბეჩია...
იქნება მაშინ, როცა ჩვენი შვილების ფეხსაცმელები სკოლისკენ გაიქცევიან
და გახეხილი ქვაბებითა და კარისკენ თვალებმოქცეული ღვეზელებით
ტანისამოსგაუხდელები ლოგინზე მივეგდებით,
რომ წინა ღამის გაციებული ზეწრებიდან საკუთარი თავი დავიბრუნოთ,
ჩვენ, ვინც ვთქვით, რომ:
ეს დაბადებაა, სადაც არ გვეძინება.
ეს დაბადებაა, სადაც გვეშლება.
ეს დაბადებაა, სადაც ვცხოვრობთ,
სადაც დავეცით და მუხლებგადატყავებულები წამოვხტით
სადაც შევძელით და საკუთარ ცხოვრებებს გავექეცით
საიდანაც გაუხეხავი ტაფები და ფხვნილშერჩენილი სარეცხი მოგვდევს
ჩვენ, ვინც დავიბადეთ გოგოებად, -
და არც გვინდოდა, არც არ გვინდოდა, ეს არც ვიცოდით,
მინდა გაცნობოთ:
რომ დაბადება გადაიდო.
ჯერ ნაგავია გასატანი:
ქმრების, შვილების, მამების, გარე ბიძაშვილების.
კატო ჯავახიშვილი
No comments:
Post a Comment